უკრაინის ოპერატიული სამხედრო მეთაურობა “სამხრეთი“ აცხადებს, რომ ჩაატარა სამხედრო ოპერაცია – სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების ჩათვლით კუნძულ ზმეინიზე, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ განლაგებული. შედეგად, რუსებმა გარნიზონის ნარჩენები ორი კატერით სასწრაფოდ გაიყვანეს და როგორც ჩანს, კუნძული დატოვეს– ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრე ერმაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსები ზმეინიზე აღარ არიან.
ახლა კუნძულზე ხანძარია და აფეთქებების ხმა ისმის – აზუსტებს ოპერატიული მეთაურობა “სამხრეთი“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა კუნძულ ზმეინიდან რუსული ნაწილების გასვლა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას “კეთილი ნების ჟესტი“ უწოდა, რომლითაც რუსეთმა მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის გაეროს ძალისხმევას უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად ჰუმანიტარული კორიდორის შექმნისთვის.
რუსეთი კუნძულ ზმეინის ომის დაწყებიდან აკონტროლებდა. უკრაინელები პერიოდულად კუნძულზე შეტევებს ახორციელებდნენ. 20 ივნისის შემდეგ უკრაინამ მასირებული შეტევები მიიტანა კუნძულზე და ავრცელებდა ინფორმაციას რუსული არმიის და ტექნიკის დიდ დანაკარგებზე.