“პოლიტიკურად ვიტყვი, რუსული ვაქცინა არ განიხილება ათჯერაც რომ მიიღოს პრეკვალიფიკაცია”,– ამბობს ზოიძე ფორმულასთან საუბარში.
მისივე ინფორამაციით, ადრე გაზაფხულზე ბრიტანული ვაქცინის, ასტრაზენეკას 500 ათასი დოზა საქართველოს ხელმისაწვდომი იქნება, თუ მას ჯანმო პრეკვალიფიკაციას მისცემს.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა ვაქცინების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.
10 იანვარს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოტანა საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ისინი -80 და -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია. მანვე აღნიშნა, რომ ამ ვაქცინებისთვის ყველა რაიონში და პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები უნდა იყოს, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს.
მისგან განსხვავებით, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საქართველოს 3 ქალაქში არის ასეთი მაცივრები და ქვეყანას 200 ათასი დოზა მსგავსი ვაქცინის მიღება შეუძლია.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი – ბრიტანულ AstraZeneca-სა და ჩინურ ვაქცინაზე. ინფექციურის დირექტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას მაღალი რეიტინგი აქვს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, არამარტო ჩინურზე, არამედ “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.