ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის საჰაერო ძალებს სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს. ევროპაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეთაურობამ შავ ზღვაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში წერია, რომ რუსული გამანადგურებლები „ სახიფათოდ და არაპროფესიონალურად“ მოქმედებდნენ, როცა სცადეს ხელი შეეშალათ ამერიკული ბომბდამშენის მანევრირებისთვის. მანევრი შავი ზღვის თავზე, 28 აგვისტოს, ნეიტრალურ წყლებში განხორციელდა. რუსული სამხედრო თვითმფრინავები 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ამერიკულ ბომბდამშენს, რომელიც გეგმიურ საპატრულო ფრენას ახორციელებდა.
ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.