“რუსული კანონის” მხარდამჭერი დეპუტატების ქონება, წლებია გაუმჭვირვალეა. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს და წერს, რომ კობიაშვილი დეკლარაციას “ცუდად ავსებს”.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონი ძალაში 28 მაისს შევიდა, აქედან 60 დღეში კი კანონი მოქმედებაში შევა. “ქართული ოცნების” თქმით, ე.წ “აგენტების კანონის” მიღების მთავარი მიზანი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაა. ამ მიზნის მისაღწევად 84-მა დეპუტატმა სამივე მოსმენაზე კანონის მიღებას მხარი დაუჭირა, შემდეგ კი პრეზიდენტის ვეტოც დაძლიეს. მათ შორის იყო ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.
საინტერესოა, პრორუსული კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატი თავად რამდენად გამჭვირვალეა და რამდენად სწორად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას წლიდან – წლამდე.
ლევან კობიაშვილი ქონებრივ დეკლარაციას 2016 წლიდან ავსებს. პირველივე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ანტი-დასავლური კანონპროექტის მხარდამჭერის ორივე შვილი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, ფრაიბურგსა და დუისბურგში არიან დაბადებულები.
ლევან კობიაშვილის ბოლო, 2023 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც არა ერთ უძრავ ქონებას ფლობს. 2020 წელს ლევან კობიაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარა წულეისკირმა, ბერლინში 110კვ.მ ბინა შეიძინეს, რაშიც 945,000 ევრო გადაიხადეს. ლევან კობიაშვილი ბერლინში ასევე ფლობს 2014 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს. თამარ წულეისკირის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2014 წელს შეძენილი ბინის ფასი 1,690,000 ევროა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბოლო დეკლარაციიდან ვიგებთ, ლევან კობიაშვილმა ბერლინში 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2014 წელს შეიძინა, აღნიშნული ჩანაწერი 2016-2019 წლების დეკლარაციებში არ გხვდება და პირველად სწორედ 2020 წლის დეკლარაციაში ჩნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს კომისიამ ლევან კობიაშვილის დეკლარაცია შეარჩია მონიტორინგისთვის. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის წევრი დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისა და მეუღლის სახელფასო შემოსავლების დამალვის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა. ლევან კობიაშვილი 2023 წელს შესამოწმებელი თანამდებობის პირების სიაშიც მოხვდა. სავარაუდოდ, მოიტორინგის შედეგები მალე გამოქვეყნდება.
ლევან კობიაშვილი 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, 2016 წლიდან კი პარლამენტის დეპუტატია ქართული ოცნების სიით.
პრეზიდენტის “გამჭვირვალე” არჩევნები
თავდაპირველად, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე 2015 წელს აირჩიეს, თუმცა არჩევნების გამჭვირვალობას თან მრავალი ლეგიტიმური ეჭვი და კითხვის ნიშანი ახლდა. არჩევნებში მონაწილეობას ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იღებდნენ. იმისთვის, რომ კანდიდატი ფედერაციის პრეზიდენტად აირჩეს, დელეგატთა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არჩევნების წინა დღეს, 2015 წლის 2 ოქტომბერს, ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავეს რევაზ არველაძეს მხარდამჭერი დელეგატი, გეგა გობეჯაშვილი, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, თუმცა მას არჩევნებში მონაწილების მიღების უფლება აღარ მიეცა.
გობეჯაშვილი მაშინ პირდაპირ უკავშირებდა საკუთარ დაკავებას არველაძის მხარდაჭერას. გარდა გობეჯაშვილისა, არველაძეს სავარაუდოდ მხარდამჭერი ორი დამატებითი დელეგატიც გამოაკლდა, მას შემდეგ, რაც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლების მიცემა ჩამოართვეს.
არჩევნების მთელი დღის განმავლობაში დღეს უწყვეტად აკვირდებოდა მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძეც, რომელსაც არანაირი ფორმალური როლი აღნიშნულ პროცესში არ ჰქონია. კალაძემ მაშინ არჩევნებზე დასწრება UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტთან მეგობრობით გაამართლა.
2015 წლის 3 ოქტომბერს კობიაშვილმა 18 ხმა მიიღო, არველაძემ კი 15 და შესაბამისად, პირველი ვადით საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. არველაძემ მაშინ განაცხადა, რომ “უთანასწორო ბრძოლაში” იყო.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ვადა 4-წლიანია. 2015 წლის შემდეგ, ლევან კობიაშვილმა პრეზიდენტის არჩევნებში კიდევ 2-ჯერ მიიღო მონაწილეობა, ორივეჯერ ერთადერთი და უკონკურენტო კანდიდატი იყო და რა თქმა უნდა, ორივეჯერ ასევე უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
თავად კობიაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური არაფერია იმაში, რომ უკანასკნელი ორი არჩევნებია მას კონკურენტი არ ჰყავს.
Ბრძოლა გლდანის მაჟორიტარობისთვის
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ლევან კობიაშვილი გლდანის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, სადად გაერთიანებული ოპოზიციის მაშინდელ კანდიდატს, ნიკა მელიას უპირისპირდებოდა. არჩევნები გლდანში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, პიკს კი მაშინ მიაღწია, როდესაც გლდანის 84-ე უბანზე საზოგადოებისთვის უცნობი პირი იარაღით გამოჩნდა. Მელიას ცნობით, იგი დავით კვიჟინაძე იყო, რომელიც კახა კალაძის მეგობარია.
“კახა კალაძის მეგობარმა, ვინმე დათო კვიჟინაძემ, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს და აი ამ დროს, პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, ჩემი მეგობარი, ჩემი შტაბის წევრი, ირაკლი ეძგველაძე დააკავეს.” – ამბობდა მაშინ ნიკა მელია.
Მისივე თქმით, ქართული ოცნების მიერ კრიმინალური ჯგუფების მობილიზება პირდაპირ უკავშირდებოდა ფაქტს, რომ ლევან კობიაშვილი მასთან არჩევნებში მარცხდებოდა. კობიაშვილი პირველ ტურში დაახლოებით 1%-ით მართლაც დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში კი დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ოჯახის წევრი სახელმწიფო უწყებაში
2019 წლის სექტემბრიდან ლევან კობიაშვილის მეუღლე, თამარა წულეისკირი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
“ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს” არც ერთხელ არ დაუგმია ის ანტიდასავლური განცხადებები, რასაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის პარტნიორების მისამართით ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ს არ გაუკეთებია კომენტარი მაშინაც, როდესაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ნატოს გაფართოების გამო დაიწყო.
ცხადია, სსიპ-ი არ გამოხმაურებია არც ქართული ოცნების მიერ ორჯერ დაინიცირებულ და საბოლოოდ მასობრივი პროტესტის ფონზე მიღებულ რუსულ კანონს, რასაც ამერიკის მხრიდან რიგი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესება მოჰყვა, ევროკავშირის მხრიდან კი ჩვენს გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერება.
ერთადერთი, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში თამარა წულეისკირი გამოეხმაურა, ლევან კობიაშვილის მიერ 2023 წელს რუსული კანონის მხარდაჭერა იყო. წულეისკირმა დაწერა, რომ Facebook-დან უნდა წაეშალა ყველას, ვინც თვლიდა, რომ მისი ქმარი მოღალატეა.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.