რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან და როგორც ცნობილი ხდება, კომპანიები რუსული თვითმფრინავებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას ხელი მოაწერა.
აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას “მორიგი რუსული პროვოკაცია” უწოდა.
”მორიგი რუსული პროვოკაცია! ფრენების აღდგენა და საქართველოსთან ვიზაზე შეზღუდვის მოხსნა მიუღებელია მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში აგრესიას აგრძელებს და ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული აქვს.”-დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.