რუსული მხარის მოთხოვნებია, მეტი არაფერი – პოდოლიაკი Financial Times-ზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ. მისი თქმით, მასალაში მხოლოდ რუსული მხარის მოთხოვნებია.

“მოკლედ, Financial Times-მა გამოაქვეყნა მონახაზი, რომელშიც ნაჩვენებია რუსული მხარის მოთხოვნები. მეტი არაფერი. უკრაინულ მხარეს თავისი პოზიციები აქვს. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რიგი სახელმწიფოებიდან”.- წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

ცნობისთვის, Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმების წინასწარ 15-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. პუნქტებს შორის არის ცეცხლის შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა, თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება შეიარაღებული ძალების შეზღუდვას.

მოლაპარაკებებში მონაწილე სამ წყაროზე დაყრდნობით, სავარაუდო შეთანხმება, რომელიც რუსმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა პირველად სრული მოცულობით ორშაბათს განიხილეს, გულისხმობს კიევის უარს ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და პირობას, არ განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები და შეიარაღება – ისეთი მოკავშირეების მხრიდან დაცვის სანაცვლოდ, როგორებიც არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.