უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში რუსეთის მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვლადიმერ მედინსკი ამბობს, რომ განსახილველ ვარიანტებს შორის არის ნეიტრალური სახელმწიფოს შვედური ვერსია, რომელიც გულისხმობს ამავე დროს საკუთარი არმიის ყოლას.
მისი მტკიცებით, მხარეებმა გამოთქვეს კომპრომისი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ კი “დემილიტარიზაციის საკითხზე”, რასაც კრემლი დაჟინებით მოითხოვს.
„უკრაინა გვთავაზობს ნეიტრალური დემილიტარიზებული სახელმწიფოს ავსტრიულ, შვედურ ვერსიას, სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს თავისი არმია და საზღვაო ფლოტი. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინა, ნეიტრალური, არანატოს წევრი, ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი“, – თქვა მედინსკიმ უკრაინული მედიის ცნობით.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის დელეგაციის წევრს პასუხობს და ამბობს, რომ კომპრომისული მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული.
მისი განმარტებით, უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები სჭირდება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის პარტნიორების მცდელობა, დარჩნენ მოლაპარაკებების პროცესში პროაქტიული მხარე. აქედან მოდის სიტყვები ნეიტრალიტეტის შვედურ ან ავსტრიულ მოდელებზე. მაგრამ უკრაინა ახლა პირდაპირ ომშია რუსეთის ფედერაციასთან. ამიტომ, მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ „უკრაინული“ და მხოლოდ ლეგალურად დამოწმებული „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, არც სხვა მოდელები და ვარიანტები“, – თქვა პოდოლიაკმა.
მანვე აღნიშნა, რომ გარანტიების ხელმომწერები უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში განზე არ უნდა გადგნენ, როგორც დღეს, ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ კონფლიქტში და ოფიციალურად უზრუნველყონ უკრაინისთვის საჭირო მოცულობის იარაღის დაუყოვნებლივი მიწოდება.
“მეორე, უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ნებას რთავენ ან არ რთავენ ცის დაკეტვას იმავე [რუსეთის] ფრთოსან რაკეტებს. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი და მყარი გარანტიები, რომ ცა დაიკეტება.
უკრაინა, მისი მეზობლებისგან განსხვავებით, არასდროს ყოფილა სამხედრო სახელმწიფო რომელიც თავს ესხმის ან გეგმავს მეზობელზე თავდასხმას. ამიტომაცაა, რომ უკრაინას უნდა ჰყავდეს ძლიერი მოკავშირეები მკაფიოდ განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიებით.” – განაცხადა მიხაიოლო პოდოლიაკმა.