რუსული რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობის განეიტრალება მანამ ხდება, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე 3 აგვისტოს მდგომარეობით უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებას აფასებს:

– უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობა ომიდან მეშვიდე თვეში ძალიან მაღალ მაჩვენებელზეა: რუსული რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობის განეიტრალება მანამ ხდება, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ ხოლმე. დნიპროპეტროვსკის რაიონში თითქმის ყოველდღიურად მიფრინავს რუსული რაკეტები, რომელთაგან სამიზნემდე ძალიან იშვიათად რომელიმემ ჩააღწიოს. NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სრულმასშტაბიანად ამუშავების შემთხვევაში უკრაინული არმიის მხრიდან რაკეტების განეიტრალების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

– ბოლო კვირებია სუმის რაიონში, რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდგარი რუსული ტექნიკა საარტილერიო ცეცხლს ხსნის. დღეს უკრაინულმა სამხედრო ჯგუფმა საზღვრის მიღმა, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა და რუსული ტექნიკის განადგურება მოახერხა. რუსეთ-უკრაინას შორის იმდენად გრძელია საზღვარი რომ უკრაინული დივერსიული ჯგუფები გადასვლას მაინც ახერხებენ. ეს კი რუსეთის, როგორც ძლიერი სახელმწიფოს პოზიციონირებაზე კიდევ ერთხელ ურტყამს.

– მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსიდან რუსულ-ბელორუსული არმიის შემოჭრის საფრთხე ამ ეტაპზე მაღალი არ არის, უკრაინელები ოთხი თვეა მძლავრ საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებენ და პოზიციებს ამაგრებენ. ეს უფრო დაფრთხობასა და პრევენციას ჰგავს, რადგან თავისთავად ნაკლებად სავარაუდოა ლუკაშენკას მიერ რუსულ ავანტიურაში მონაწილეობა, მით უფრო მას შემდეგ, რაც რუსულ არმიას კიევთან დაემართა, მაგრამ ახლა, უკრაინული მომზადების ფონზე, ამის შანსები კიდევ უფრო მცირდება.

– დონეცკის რაიონში, ქალაქ დონეცკთან, ავდიივკასაკენ რუსების გაჭრის მცდელობა დღესაც ჩავარდა. დაღუპულებს შორის რუსი მედესანტეებიც არიან.

– ხერსონის რაიონში უკრაინული კონტრშეტევა გრძელდება. პროცესში მონაწილეობენ “ბაირაქტარები”. ეს კიდევ ერთხელ იმის ინდიკატორია, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო და სარადარო სისტემები დასუსტებული ან გამოთიშულია.

– ხერსონის რაიონში კონტრშეტევის ფონზე უკრაინელებმა დაცვის პირველი ხაზის გარღვევისას რუსული სასანგრე პოზიციების დაკავება მოახერხეს, რომელთან ერთადაც რუსული შეიარაღებაც მოიპოვეს.

– ხერსონის რაიონში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით, დასახლება რადენსკისთან რუსული სამხედრო კოლონა დაიბომბა, რომლებიც მდინარისაკენ მიემართებოდნენ, საიდანაც დასავლეთ სანაპიროზე გადასვლას აპირებდნენ.

– იმ ფონზე რომ ნოვა კახოვკას დნეპრზე არსებული ხიდის გამოყენებითი პოტენციალი თითქმის აღარ არსებობს რუსები აქაც ცდილობენ ბორანის ან პონტონური ხიდის გამოყენებას, თუმცა საჰაერო დაზვერვით მიღებული ინფორმაცია პრაქტიკულად მიმდინარე რეჟიმში აწვდის უკრაინულ არტილერიას ინფორმაციას, რის შედეგადაც რუსულ სამხედრო შეჯგუფებებზე ან წყლის ტრანსპორტზე იერიშები იწყება. რეალურად, უკრაინელების გათვლა რუსული ლოჯისტიკის იმ დონეზე ჩამოშლაა, რომ რუსული სამხედრო ნაწილის მომარაგება ძალიან გართულდეს.

– როგორც ჩანს თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შემდეგ უკრაინელების მიზანი რუსული სამხედრო ძლების დინამიური განადგურებაა და არა დიდი დანაკარგების ფონზე სწრაფი წინ წაწევა. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ რომ უკრაინელები უფრთხილდებიან საკუთარი სამხედროების სიცოცხლესა და ტექნიკას, საკვანძო ზონების დაკავების შემდეგ უფრო ნელა მიიწევენ წინ. ამასთან, რუსული თავდაცვის პოზიციები საკმაოდ მყარია და მათი გადალახვა ადვილი ამოცანა არ არის.

– გუშინაც ითქვა და რეალურადაც ასეა, რომ უკრაინელთა გათვლა დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი რუსული სამხედრო ძალების სრული ან ნაწილობრივი განადგურებაა და არა უბრალოდ მდინარის აღმოსავლეთით გაშვება და სხვა რაიონში მათი გამოყენება. ამასთან, უმჯობესია რუსული ნაწილები დიდი ურბანული ცენტრის – ხერსონის მიღმა იქნენ დასუსტებული და გამოფიტული, ვიდრე უშუალოდ დიდ ურბანულ ცენტრში მოხდეს მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ასე რომ მოხდეს ეს ძალიან დიდი თავისტკივილი იქნება. ამისათვის აუცილებელი კი რუსების ლოჯისტიკური მომარაგების ხაზების სრული გადაკეტვა, უწყვეტი საარტილერიო იერიში, პარტიზანული აქტივობა და უკრაინელთა დინამიური შეტევაა. საუკეთესო შემთხვევაში ასობით დანებებული რუსი სამხედრო მოქმედებების ზოგად მორალზე და გაცვლის პროცესში ბევრ რამეს შეცვლიდა.

– ხერსონის რაიონში, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან უკრაინელთა შეტევა კვლავ ძალიან ინტენსიურია. Institute of War-მა არხანგელსკე უკრაინული კონტროლის ზონაში მონიშნა. რეალურად კი რთული სათქმელია რამდენად დასრულდა მისი გაწმენდა, ისევე როგორც მისგან მცირედით მოშორებული ვისოკოპილიასი, რომელშიც წარსულში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილების ბედი ჯერ კიდევ უცნობია – ისინი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ რეალური ალყის საფრთხის წინაშე იდგენენ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვისოკოპილიას შემოგარენში ბრძოლა ნამდვილად ძალიან აქტიურად გრძელდება და დღეს რუსების კონტრშეტევა ჩავარდა – სავარაუდოდ, მათი მიზანი პირველად დაკავებული პოზიციების დაბრუნება იყო. სავარაუდოა, რომ უკრაინელებს ვისოკოპილიაზე მყარი კონტროლი ჯერ კიდევ არ აქვთ მოპოვებული.

– ქალაქი ხერსონის თავდაცვის ზღუდეებთან დაკავშირებით ინფორმაცია არაზუსტია, მაგრამ ამ დროის მონაცემებით რუსები ყველაზე მეტად ჩერნობაევკას აეროპორტის ტერიტორიასა და მიკოლაივი-ხერსონის გზის მონაკვეთს ამაგრებენ. სავარაუდოა, რომ რუსები ქალაქზე მთავარ უკრაინულ შეტევას სწორედ მიკოლაივის მხრიდან ელიან.

– დღეს ყირიმში, სევასტოპოლში აფეთქებები ისმოდა და დაკვამლიანება შეინიშნებოდა. რთული სათქმელია რეალურად რა მოხდა თუმცა რუსები განმარტავენ, რომ აფეთქებები რუსეთის იმპერიის პერიოდთან დაკავშირებული ისტორიული ბრძოლების რეკონსტრუქციას და ქვემეხების გასროლას უკავშირდებოდა. უცნობია თუ რა რეკონსტრუქციის სურვილი გაუჩნდათ ახლა რუსებს, მაგრამ რუსული არმიის “ინტელექტუალურობის” გათვალისწინებით მართლაც არაფერია გამორიცხული.

– რუსებს ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეჰყავთ. პრაქტიკულად ესაა ერთ-ერთი ბოლო კარგად აღჭურვილი სამხედრო მექანიზებული ძალა, რომლის გადასროლაც რუსეთს შეტევის საწარმოებლად მობილიზაციის გარეშე შეუძლია. სავარაუდოა, რომ რუსეთი სამხრეთში მოქმედებისათვის სამხედრო დანაყოფს ჩამოაყალიბებს და არამხოლოდ დონეცკისაკენ გადაისვრიან, არამედ ნაწილს ყირიმის დაცვისათვისაც მოამზადებენ.
– ტოკმაკში, ზაპორიჟიას რაიონში, რუსებმა უკრაინელი პარტიზანი მაქსიმ მახრინოვი დააკავეს. როდესაც მას რუსი სამხედროები მიაცილებდნენ მაქსიმმა თავი აიფეთქა და მოწინააღმდეგეებიც თან გაიყოლა.

– Oryx იტყობინება, რომ რუსებმა ფოტოებით დადასტურებულ მალაზე დაყრდნობით 1000 ტანკი დაკარგეს. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ამის ნახევარი ვიზუალური მასალით დადასტურების გარეშე ჰყავთ დაკარგული. რუსეთის აქტიური სატანკო პოტენციალი დაახლოებით 10 ათასი ტანკია, რომლის ეფექტური გამოყენებაც ანუ ომში უმოკლეს დროში, გამართულ მდგომარეობაში, ჩართვის შესაძლებლობაც დაახლოებით 3000-დან 5000-მდეა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი რუსული სატანკო პოტენციალის 15% განადგურებულია, უკეთეს შემთხვევაში კი ეს ციფრი შეიძლება ორჯერ მეტიც კი იყოს.