თბილისიდან 30 კმ-ში რუსული ტანკები წინა ხელისუფლებამ ჩაგვიყენა – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში წინა ხელისუფლებამ ჩააყენა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები იტყუებიან, რომ ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში დგანან, სინამდვილეში კი ისინი 30 კილომეტრში არიან.

“უკრაინის მაგალთზე ჩვენ ვნახეთ, რომ ომის საფრთხე არის ძალიან რეალური და საქართველო ამ კუთხით არის ყველაზე მეტი რისკის ქვეშ ერთი მარტივი მიზეზის გამო – წინა ხელისუფლებამ თბილისის შემოსასვლელიდან 30 კილომეტრში ჩაგვიყენა რუსული ტანკები. მათი ხელისუფლების შედეგი იყო ის, რომ დღეს რუსული ტანკები დგას თბილისის შემოსასვლელიდან 30 კილომეტრში.

ამაშიც იტყუებიან, სხვათა შორის, 40 კილომეტრს ამბობენ ხოლმე. მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ – ტრასაზე სჭირდება 30 კილომეტრი იმას, რომ გამოიაროს რუსულმა ტანკმა თბილისამდე. მათ გააკეთეს ეს, მათ ჩააყენეს 30 კილომეტრში თბილისიდან რუსული ტანკები”,– განაცხადა კობახიძემ TV იმედის ეთერში.