ბრიტანული დაზვერვის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა როგორც ჩანს, დნეპრის დასავლეთით მისი ზოგიერთი ქვედანაყოფი მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა. თუმცა, მანამდე დაკომპლექტების დონე უკიდურესად დაბალი იყო. 2022 წლის სექტემბერში რუსი ოფიცრები ხერსონის მიმართულებით არსებულ როტებს აღწერდნენ, როგორც 6–8 ადამიანისგან შემდგარს. არადა როტაში 100 ადამიანი უნდა იყოს.
ბოლო ექვსი კვირის მანძილზე შეინიშნება რუსეთის სახმელეთო ძალების აშკარა გადასვლა გრძელვადიან თავდაცვით პოზიციებზე ფრონტის ხაზის მონაკვეთების უმრავლესობაზე. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ დაუკომპლექტებელ და ცუდად გაწვრთნილ ძალებს უკრაინაში ჯერჯერობით მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციები შეუძლიათ.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი შეძლებს უკრაინაში გრძელვადიანი თავდაცვითი ხაზების გამაგრებას, მისი ოპერატიული სქემა კვლავ სუსტი რჩება – თვლის ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.
ანგარიშის მიხედვით, იმისათვის , რომ ინიციატივა დაიბრუნოს, რუსეთს დასჭირდება უფრო ხარისხიან, მობილურ ძალებს მოუყაროს თავი, რომლებსაც უნარი ექნებათ დინამიური წინააღმდეგობა გაუწიონ უკრაინულ გარღვევებს და საკუთარი მსხვილმაშტაბიანი შეტევითი ოპერაციები აწარმოონ.