დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსმა ავიაგამანადგურებეწმა Су-27 ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავის, Boeing RC-135–ის სიახლოვეს შავი ზღვის თავზე რაკეტა გაუშვა. ბრიტანული თვითმფრინავი შავი ზღვის რაიონში საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მიფრინავდა.
უოლესის თქმით ინციდენტი 29 სექტემბერს მოხდა და ის არ განუხილავთ, როგორც წინასწარ განზრახული ესკალაცია.
“ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან წინასწარ განზრახული ესკალაცია. ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო. თუმცა, ეს შეგვახსენებთ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს, როცა ავიაგამანადგურებელს ისე იყენებენ, როგორც ამას რუსეთი დიდი ხანია აკეთებს“–უთხრა პარლამენტარებს თავდაცვის მინისტრმა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა დროებით შეწყვიტა ფრენები რეგიონში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებს, მათ შორის მინისტრ შოიგუს მათი შეშფოთების შესახებ შეატყობინა.
როგორც უოლესი ამბობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ უპასუხა, რომ რაკეტის გაშვება ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პასუხში, რომელიც 10 ოქტომბერს მივიღეთ, ნათქვამია, რომ მათ ინციდენტის გარემოებები გამოიძიეს და დაადგინეს, რომ მოხდა ავიაგამანადგურებლის ტექნიკური პრობლემა. ასევე აღიარეს, რომ ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა“–თქვა უოლესმა.
ამჟამად დიდმა ბრიტანეთმა უკვე აღადგინა სადაზვერვო ფრენები ამ რაიონში, თუმცა ახლა შეუაიარაღებელ თვითმფრინავებს თან დაჰყვებიან გამანადგურებლები.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა ქვეყნების მზვერავი თვითმფრინავები მუდმივად პატრულირებენ უკრაინის გარშემო საჰაერო სივრცეში.