რუსულმა კანონმა შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე – ბორელის ოფისი

რუსულმა კანონმა შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.

“საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ”. ეს ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა. მისმა საბოლოო მიღებამ შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს შორის ურთიერთობებზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით და ახსენებს ხალხის უფლებას, გამართოს მშვიდობიანი პროტესტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.