რუსულმა კომპანიამ ესტონელებს თანხის ქართული GERA-ს გავლით გადახდა შესთავაზა – ხოშტარია

“რუსულმა კომპანიამ ესტონელებს თანხის ქართული GERA-ს გავლით გადახდა შესთავაზა”- ამის შესახებ, პარტია “დროას” დამფუძნებელმა, ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარია აცხადებს, რომ  რუსეთი ქვეყნებს სთავაზობს, რომ საქართველოში არსებული კომპანიების გზით ფინანსური გადარიცხვები შეასრულოს და სანქციებს თავი აარიდოს.

“ჩემს ხელთ არის წერილი, რომელსაც რუსეთის საავტორო უფლებების ასოციაციის (RAO) წარმომადგენელი წერს ესტონელ კოლეგას. მინდა, ციტირება მოვახდინო ამ წერილის: უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან და რუსული ბანკებისა და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, რაოს პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებით. უმსხვილესი რუსული ბანკები დაექვემდებარა ბლოკირების სანქციებს. ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ორმხირივი ჰონორარის გაცვლის გზა – საქართველოში ჩვენი პარტნიორი გერა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, GERA-ს შეუძლია მიიღოს გადახდები რუსულ რუბლში და შემდეგ დააკონვერტიროს ის აშშ დოლარში” (ანუ GERA-ს მეშვეობით რუსეთის კომპანია, რომელიც არის სანქცირებული, სთავაზობს ესტონელებს, რომ თავი აარიდონ სანქციებს). “ვინაიდან, GERA-ს აქვს ორმხრივი წარმომადგენლობითი ხელშეკრულება რაოსთან, მზად ვართ, გამოგიგზავნოთ ყველა გადასახადი ამ კომპანიის მეშვეობით. ჩვენი წინასწარი მოლაპარაკებების ფარგლებში GERA-მ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს შემოთავაზებული გადაწყვეტის განხორციელებას დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე.

პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს დოკუმენტი იმისა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს საქართველოში არსებული კომპანიების გზით თავი აარიდოს სანქციებს.

საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიკვლიოს ამ კონკრეტული კომპანიის ურთიერთობები რუსეთთან და მეორე – უნდა შეცვალოს კანონმდებლობა, რომ არ მოხდეს ამ მექანიზმის ამუშავება, მათ შორის, სხვა კომპანიების მეშვეობით. ამგვარად ჩვენ ვიქნებით პირდაპირი მონაწილეები ბოროტების მანქანით, რომელსაც ყოველდღე ეწირებიან ადამიანები”. – თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია მთავრობას ამ კონკრეტული შემთხვევის შესწავლისკენ და კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდებს.