რუსულ ბიზნესებში მყოფი პირები „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიებში არიან – IDFI

საქართველოში რუსული მსხვილი კომპანიები წარმოდგენილნი არიან კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორსა და მობილური ოპერატორების სფეროებში”-არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI კვლევის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ როდესაც უკრაინაში შეჭრისთვის მსოფლიომ რუსულ ბიზნესს უარი უთხრა და სანქციები დაუწესა, მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში.

“- კომუნიკაციების სფეროში, იდენთიფიცირებულია ისეთი ფართოდ ცნობილი ბიზნესმენების კავშირები (მფლობელობა, მმართველი წილები), როგორიცაა უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი (კომპანია  LetterOne).  Მისი სხვა კორპორაცია „ალფა ჯგუფი” ფლობს მინერალური წყლის, „ბორჯომის” წარმოებას საქართველოში. მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა იმ მიზეზით, რომ იგი ერთი მხრივ აქტიურ მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა და სარგებელს იღებდა იმ რუსი პირებისგან, რომლებიც ყირიმის ანექსიისა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

– კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების წინადადებებით ცნობილი – პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშნელოვანი გავლენა. ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს  ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს.  ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – ფოპნეტი”. Ამ უკანასკნელის ბიზნესპარტნიორია რუსული კომპანია “ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია “როსტელეკომის” შვილობილი კომპანიაა.

– საქართველოში მოქმედი მაუწყებლების ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია კვლევის ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა.

– Საბანკო სექტორში, იდენთიფიცირებულია მხოლოდ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას”  რუსული კომპანია „ვეტებე ბანკი”-ს მფლობელობა.  ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაცია 59.34%-ით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და ვითიბიმ საკუთარი პორტფელების სხვა ბანკებზე გასხვისება დაიწყო.

– სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორებში, რუსული კავშირების იდენტიფიცირების შემდეგ (მოქალაქეობის ან/და კუთვნილების მიხედვით), შემოწმდა 120-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის საქმიანობა.

– აღნიშნულ სექტორებში რუსული კავშირები, მფლობელობისა და მმართველობითი წილები, ისევე როგორც მმართველ პარტიებთან აფილირება გამოიკვეთა შემდეგ კომპანიებში: RMG Gold, შპს “მინერალური წყალი საირმე”, შპს “კაპიტალ ჯგუფი”, შპს “მეგა ჰოლდინგი”, “გრუზვინპრომი”, შპს “მიქსორი”.

– ჩამოთვლილი კომპანიები ფლობენ ლიცენზიებს მინერალური წყლების, ოქროს, ქვანახშირის მოპოვებაზე. მაგალითისათვის, შპს “მინერალური წყალი საირმე” მინერალური წყლების მოპოვების 5 სხვადასხვა ლიცენზიას ფლობს. კომპანიის მესაკუთრეცა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი რუსეთის მოქალაქეები არიან. საბჭოს აღნიშნული წევრი, გია გვიჩია, რუსეთში ცნობილი მილიარდერია, მისი და, ნანა გვიჩია კი პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა.

– შპს “მიქსორი” მინერალურ წყლებს მოიპოვებს. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე შპს “ქისთოუნ ინვესთმენთსია”, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის მოქალაქე თემურ ანჩაბაძე ფლობს. “ქისთოუნ ინვესთმენთსი” ანჩაბაძის რუსული ბიზნესჯგუფის წევის კომპანიაა და მათსავე ვებგევრდზე აღწერილია როგორც კომპანია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას South Stream პროექტში, რათა გაზარდოს რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება და დამატებითი გაზის ტრანსპორტირება ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთის რეგიონებში.” – ნათქვამია განცხადებაში.