რუსულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამ განცხადებით მერმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო რომლის მიხევით დედაქალაქის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია იარაღის წარმოებითაა დაკავებული.
“ამდენი ტყუილის მოგონება და ფანტაზიებში გადავარდნა რას უკავშირდება, არ ვიცი. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ პირში წყალს ჩავიგუბებთ და არაფერს ვიტყვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან. ამ ჰოლდინგში რამდენიმე კომპანიაა გაწევრიანებული. არათუ ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ჩვენს ტენდერშია გამარჯვებული, არამედ ჰოლდინგის არცერთ კომპანიას არ აქვს კავშირი იარაღის წარმოებასთან. ასევე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის შესახებ. მათ პროდუქცია მიწოდებული აქვთ მაგალითად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტისთვის, ასევე, სერბეთისთვის”.- ამბობს კალაძე.