რუსულ მედიაში გაიპარა ინფორმაცია 10 ათასამდე მოკლული რუსი სამხედროს შესახებ

21 მარტის საღამოს ბევრმა მკითხველმა მიაქცია ყურადღება, რომ კრემლის მიმართ ლოიალური გამოცემის, “კამსამოლსკაია პრავდას“ საიტზე გამოჩნდა უკრაინაში რუსული დანაკარგების შესახებ ინფორმაცია, რომელიც თითქოსდა რუსეთისთავდაცვის სამინისტროს ეყრდნობოდა. გარდაცვლილთა რიცხვი ამ ინფორმაციით 10 ათას უახლოვდებოდა. სტატია ამ მონაცემებით 20 მარტით იყო დათარიღებული, თუმცა მომდევნო დღეს ის ხელახლა დაწერეს და სტატიიდან ციფრები გაქრა.

გამოქვეყნებულ სტატიას The Wall Street Journal–ის კორესპონდენტმა, იაროსლავ ტროფიმოვმაც მიაქცია ყურადღება და მისი სქრინშოთი ტვიტერზე დადო:

სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ ოპერაციის დროს 9861 რუსი სამხედრო დაიღუპა, კიდევ 16153 კი დაიჭრა. ეს ციფრები მოყვანილი იყო თითქოსდა უკრაინის გენშტაბის სტატისტიკის “უარსაყოფად“ იმის შესახებ, რომ რუსეთის დანაკარგები 15 ათასს უტოლდება. კიევი ასეთ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს. ეს მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება სხვადასხვა შეფასებებს. ერთხელ სააგენტო უნიანმა დააკონკრეტა, რომ ამ ცფირებში შედის როგორც გარდაცვლილები, ასევე დაჭრილები.

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულ ერთხელ გამოაქვეყნა ოფიციალურად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია – 2 მარტს მათ თქვეს, რომ გარდაიცვალა 498 რუსი სამხედრო. ახალი ინფორმაციის არარსებობის პირობებში ერთადერთი ოფიციალური წყარო რუსული დანაკარგების შესახებ რეგიონული ხელისუფლებების განცხადებებია ადგილობრივი სამხედროების დაღუპვის შესახებ.

21 მარტის საღამოს “კამსამოლსკაია პრავდას“ სტატია ჯერ აღარ იხსნებოდა, შემდეგ კი ამ მონაცემების გარეშე გამოქვეყნდა, თუმცა ინტერნეტ–არქივებში სტატიის თავდაპირველი ვერსია აღმოჩნდა შემონახული.

მოგვიანებით გამოცემის ტელეგრამ არხზე გამოჩნდა პოსტი იმის განმარტებით, თუ რატომ გაქრა მათი სტატიიდან ციფრები უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგების შესახებ. რედაქცია ამას იმით ხსნის, რომ “მათ ადმინისტრაციულ ინტერფეისზე წვდომა გატეხეს და ფეიკ პუბლიკაცია გამოაქვეყნეს, რომელიც რედაქციამ დაუყოვნებლივ წაშალა. “

თუმცა, ეს განმარტება ვერ ხსნის, რატომ არის დათარიღებული არქივებში  შენახული თავდაპირველი სტატია 20 მარტით. განახლებული სტატია კი 21 მარტით.