რუს მეგობრებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ – ოკუპირებული აფხაზეთის უარი საქართველოს ვაქცინაციით დახმარებაზე

“რუს მეგობრებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ” – ოკუპირებული აფხაზეთი უარს აცხადებს,  საქართველოს მიერ შეთავაზებულ ვაქცინაციით დახმარებაზე.  ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთი ვაქცინაციის პროცესს, რუსული ვაქცინით გეგმავს, რადგან  მთავარ პარტნიორად რუსეთს მოიაზრებს.

“საქართველოს და მისი ხელისუფლების დახმარებას არ ვსაჭიროებთ. სოხუმი არ აპირებს ქართული მხარის შემოთავაზების განხილვას. ჩვენ არ შემოვიტანთ სხვა ქვეყნებში შემუშავებულ ვაქცინებს. აფხაზეთში მალე რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი ვაქცინით დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ამ საკითხზე რუს მეგობრებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ” – წერია, აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

ცნობისთვის, დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირები საქართველოს ტერიტორიაზე ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით აცრას შეძლებდნენ.