რძლის ცემისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით დედამთილი დააკავეს

შსს-მ დედამთილი რძლის ცემისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, დედამთილმა რძალს თბილისში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა.

,,1962 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა”,- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 2- დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.