საერთაშორისო სააგენტო Reuters-მა უარყო ყოველგვარი ვარაუდი, რომ მას წინასწარი ინფორმაცია ჰქონდა 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შესახებ. სააგენტომ განცხადებით უპასუხა მედია უფლება დამცველთა ჯგუფს HonestReporting. ოთხშაბათს, HonestReporting–მა, ორგანიზაციამ, რომელიც მსოფლიო მედიაში ანტიისრაელური მიკერძოების გამოვლენით არის დაკავებული, გამოაქვეყნა საგამოძიებო ანგარიში, რომელშიც ადანაშაულებს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის New York Times-ის, AP-ის, Reuters-ისა და CNN-ის ჟურნალისტებს იმაში, რომ ისინი ჯერ კიდევ ღაზას სექტორიდან შეუერთდნენ ჰამასის ბოევიკებს, რათა მიმდინარე მოვლენები კამერით გადაეღოთ.
„ჩვენ ვიცით HonestReporting-ის ანგარიშისა და ბრალდებების შესახებ ორი თავისუფალი ფოტოგრაფის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის მოვლენების გაშუქებაში“, – ნათქვამია Reuters-ის განცხადებაში. „როიტერი კატეგორიულად უარყოფს, რომ მას ჰქონდა წინასწარი ცოდნა თავდასხმის შესახებ ან 7 ოქტომბრამდე საკუთარი ჟურნალისტები ჩანერგა ჰამასში.როიტერსმა მოიპოვა ფოტოები ღაზაში მცხოვრები ორი თავისუფალი ფოტოგრაფისგან, რომლებიც საზღვარზე იმყოფებოდნენ 7 ოქტომბერს დილით და რომლებთანაც მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები გადაღებულია ორი საათის შემდეგ იქიდან, რაც ჰამასმა რაკეტები გაუშვა სამხრეთ ისრაელში და 45 წუთზე მეტი ხნის შემდეგ ისრაელის განცხადებიდან, რომ ბოევიკებმა საზღვარი გადაკვეთეს. Reuters-ის შტატიანი ჟურნალისტები არ იმყოფებოდნენ HonestReporting სტატიაში განხილულ არცერთ ლოკაციაზე“, – ნათქვამია Reuters-ის განცხადებაში.
ბრალდებებს გამოეხმაურა AP-იც. “AP-ს არ ჰქონდა წინასწარი ცოდნა 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ”, – თქვა სააგენტოს სპიკერმა ნიკოლ მაიერმა. ”AP-ის როლი არის სიახლეების გაშუქება და გამოსახულების გავრცელება იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ხდება მთელ მსოფლიოში ნებისმიერ მომენტში, მაშინაც კი, თუ ისინი საშინელია და დაკავშირებულია მსხვერპლთან“.