„ვინც სრულიად უტიფარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შეზღუდვის მიზანი მისი იზოლაციაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თუმცა საზოგადოება შეცდომაში არ შედის და ზუსტად იცის, პატიმარი როგორ უნდა იყოს და რა რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს.
არათუ მისი ჯანმრთელობა, მკურნალობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ედარდებათ, არამედ მისი სიცოცხლეც კი. საკუთარ პროპაგანდისტულ აქტივობებში მოწამვლა, დამძიმება, მოკვდინების სურვილი, პუტინის გვარი შემოიტანეს, უშველებელი პროპაგანდისტული ორგანიზაცია დაიქირავეს, ფულს ხარჯავენ და მსოფლიოს ეუბნებიან, რომ მოწამლული სააკაშვილი უნდა მოკვდეს და ა.შ. აქ არ არის მხოლოდ რეჟიმის დაცვის აუცილებლობა, არამედ აქცენტი გასაკეთებელია მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. უფრო მეტიც, ხაზგასასმელი სწორედ ეს ნაწილია – სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული, რადგან ასეთი პროპაგანდისტული და ისტერიული, ყოველგვარ ზღვარსგადასული შეტევა სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლისადმი შიშის გამოყენებით, მით უმეტეს, სრული თაღლითების შეკრება მოწამვლის თემის გარშემო, აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას“,
ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომელიც დეპუტატებს პატიმარ სააკაშვილთან შესვლის და მისი მონახულების უფლებას აღარ მისცემს.