საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვის შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებს. პრეზიდენტის თქმით მიუხედავად იმისა, რომ მან ვეტო არ გამოიყენა, ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს.
“ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.
სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმიური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმიური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.
საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.
თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.
ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.
ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.