სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა გართულებულია.
„ძალიან გართულებულია შესვლა. დაახლოებით ორი საათი მინიმუმ დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად გაურკვევლობა არის შიგნით, კომუნიკაცია არის გართულებული, კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის. რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვეველია სად და არკვევენ რაღაცებს, რაც, ასევე, ჩემთვის გაურკვეველია. ამან წაიღო დაახლოებით ორი საათი, თუმცა საბოლოო ჯამში შევედი“, – თქვა ომბუდსმენმა.
რაც შეეხება უფლებრივ საკითხებს, ლომჯარია განმარტავს, რომ გამოსწორებულია საკითხები, რაზეც წინა ვიზიტის დროს შენიშვნები ჰქონდათ.
„მაგალითად, ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო შემოწმებას. ასევე, პრობლემა არის ის, რომ გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება და სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც ის ამას ფიზიკურად შეძლებს. ეს მოსაგვარებელია. ამ ინფორმაციას გადავცემთ პენიტენციურ სამსახურს. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.