იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახის ბარიერით ამოშენებას კოვიდრეგულაციებით ხსნის, რითაც, ადვოკატების თქმით, პირდაპირი კომუნიკაცია ექსპრეზიდენტთან ვეღარ აქვთ.
ბრეგაძის მტკიცებით, ადვოკატები კორესპონდენციების მისაწოდებლად მაგიდაზე ფეხით დგებიან.
“ბარიერის აწევასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თითქოსდა რომელიმე უფლება ირღვეოდა. აბსოლუტურად არცერთი უფლება არ არის დარღვეული. კოვიდრეგულაციების გამო ისინი უნდა შეხვდნენ ბარიერს მიღმა. მათ აქვთ, რა თქმა უნდა, იმ კორესპონდენციის გაცვლის შესაძლებლობა, რომელიც ეხება უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებს და როდესაც ხედავ, რომ ბარიერი არის, რომელსაც, წესით, ვერ უნდა მისწვდე, კეთილი უნდა ინებო, როგორც ადვოკატმა, ისე ნებისმიერმა სხვა პირმა და მაგიდაზე ფეხებით არ უნდა დადგე და არ უნდა ეცადო, რომ დაახლოებით ფრენბურთის ბურთის მსგავსად შეეცადო, გადააწოდო კორესპონდენცია, იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთხელ ვამბობ – ისინი საფრთხეს უქმნიან უშუალოდ მსჯავრდებულსაც, რადგან ის შუშა რომ გადაყირავდეს და ვთქვათ, ვინმე დაზიანდეს, მერე იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა.
სწორედ ამიტომ მათ გავუკეთეთ ძალიან ცივილური ფორმით, როგორ უნდა მიაწოდონ და დროა, ჩამოძვრნენ მაგიდებიდან და პატივი სცენ იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც არის ქვეყანაში”. – თქვა იუსტიციის მინისტრმა იმედის ეთერში.