“ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში. მსოფლიომ იცის, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას, გაფრთხილებით, რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა ქართუ ბანკიდან. (აღარაფერს ვამბობ ვარდების რევოლუციის დაფინანსებაზე, რაც პუტინის, პრიმაკოვის და ვოლოშინის გარეშე არ მომხდარა).
ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვარდების რეოლუციად შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ, მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს”
წერს “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე. ცნობისთვის, სასამართლო პროცესზე დღეს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 2007 წლის ნოემბრის გამოსვლებს პატარკაციშვილი აფინანსებდა, მისი ფული კი რუსული ფული იყო. მისი განცხადებით, პატარკაციშვილის ეფ ეს ბე-ს 3 აგენტი შეხვდა, რის შემდეგაც “პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო”.