სააკაშვილის განცხადების გამო საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

“შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს”,– წერია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ვიდეომიმართა გაავრცელა. მან თქვა, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომლის კანონიერებას არცერთი წამით არ ცნობს. მისივე განცხადებით,  “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებს, რაც მალე დასრულდება.

სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს და უკრაინას პასუხი მოეთხოვება.