ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების დროს გამოეხმაურა გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციას, რომელსაც მინიმუმ 100 000 მოქალაქე ესწრებოდა. კობახიძე ამბობს, რომ აქციაზე ბოლს მაინც გაახმოვანეს “ბაკურიანის გეგმა“ რომელიც ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს. კობახიძე ვერ უარყოფს, რომ ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე ბევრი ადამიანი გამოვიდა, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში კიდევ ბევრი მოქალაქე უჭერს ევროპას მხარს:
„ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა. როგორც მოგეხსენებათ ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე, თუნდაც გუშინ იყო გამოსული. გუშინ, ბევრი ადამიანი იყო რუსთაველზე გამოსული, თუმცა საქართველოში დამატებით 3 მლნ და მეტი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს ევროპას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%.
ამასთან, ევროინტეგრაციის მიზანი პირდაპირაა დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. გასული კვირების განმავლობაში გვიტრიალებენ იმ მუხლს, რომელიც ჩვენი ხელით ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ადამიანებმა ხმა არ მისცეს – ცინიზმი აქაა და ვინაა ევროპის მომხრე რეალურად და ვინ არა, აქედან კარგად ჩანს.
გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა – პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს “შულავერის კომიტეტის” გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული, საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.