აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ეხმიანება მიხეილ სააკაშილის ზიარებას მეუფე ნიკოლოზის მიერ და ამბობს, რომ ეს ქრისტიანულად კარგი საქციელია.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ლოცულობენ.
“მეუფე ნიკოლოზი ძალიან ღირსეული მღვდელმთავარი, ეს მისი პოზიციაა და ღმერთმა დალოცოს. იურიდიულად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ როგორც ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდეს მღვდელმთავარი, მშვიდად ესაუბროს, აზიაროს, კიდევ ერთხელ აუხსნას რა არის მარხვა, სინანული, შეწყალება და შერიგება.
მე პირადად არ ვიცი, რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ნამდვილად ფერისცვალება. ჩვენ ვიხსენებთ ბატონ მიხეილს, როგორც საპყრობილეში მყოფ ადამიანს, კვეთაში, ბარძიმში ვლოცულობთ. საერთოდ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რომ იყოს შერიგება, პატიება, იყოს სიტყვა შემიწყალე, მაპატიე,”- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ.
მიხეილ სააკაშვილის ზიარების შემდეგ საპატრიარქომ მეუფე ნიკოლოზი გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ “ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს”. საპატრიარქოს განცხადებით, საეკლესიო მარხვა სინანულის აქტია და “საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს”.