სააკაშვილი საჭიროებს მყისიერ ჰოსპიტალიზაციას, არ არის ანგარიშსწორების დრო – ექიმები

ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. სოფო ჯაფარიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება, რის გამოც საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

“ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას – არც ახლა და არც არასოდეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24-საათიანი მეთვალყურეობას და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა კონსილიუმი.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია. ეს დაადასტურა სახალხო დამცველმა. სამწუხაროდ, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს”,– განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სააკაშვილის პირადი ექიმი, ეკატერინე მხეიძე აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საშიშია და შესაძლოა ისე დამძიმდეს,”ადამიანმა ვერ მიუსწროს, რათა რეანომობილით გადაიყვანონ”. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა შიმშილობს. მისი განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში.