სააკაშვილის მონახულება იგეგმება, მალე გაიგებთ ვინ მოინახულებს – სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება იგეგმება. ჟურნალისტის კითხვაზე, მოინახულებენ თუ არა მას მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, სუბარი აცხადებს, რომ ეს ჟურნალისტების დასახელებული გვარებია, ხოლო თუ ვინ მოინახულებს, ეს მალე გახდება ცნობილი.

“გვახსოვს, როგორ აწამებდნენ მას თითქოს რაღაც დასხივებით, მანქანა იდგა საავადმყოფოში, ასხივებდა თურმე და ერთდღიანი ხუმრობის თემად იქცა, მერე იყო განცხადებები ფამაკოლოგიურ წამებაზე და ესეც მალე ყველას დაავიწყდა, მიუღებელი და არაადეკვატური ტერმინია, რომელსაც თვითონ სააკაშვილი იყენებს, რომ მისი ინვალიდიზაცია ხდება და თქვენი კოლეგები ამბობენ, მალე ბუჩქად თუ მცენარედ იქცევა სააკაშვილიო, ეს ყველაფერი ანეკდოტების თემაში გადავიდა. ადამიანის მიმართ რომ იყოს მართლა ჯანმრთელობის საფრთხე და წამების რაიმე ნიშანი რომ გამოვლენილიყო, მითუმეტეს, როცა საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ შეწყვეტდა საქმის განხილვას, პირიქით მიანიჭებდა პრიორიტეტს და დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება. ის, რომ შეწყვიტა საქმის შესწავლა, ნიშნავს, რომ არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ ემუქრება და არანაირი წამებასთან მიმსგავსებული ქმედება არ ხორციელდება. თუ ადამიანი თვითდაზიანებას მიმართავს, როგორც ამას ამბობს სამედიცინო კონსილიუმის წევრი წულაძე, ამას სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება მიაქცევს შესაბამის ყურადღებას. მისი მონახულება იგეგმება, გაიგებთ მალე, ვინ მოინახულებს”, – განაცხადა სუბარმა.