“მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმებში შესაძლო წარმატება თავისთავად ძალიან სერიოზულ თავისტკივილს უჩენს ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის „პოლიტიკურ გვამად“ წარმოჩენის მითი რთული დასასაბუთებელი იქნება,” – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში რეფორმების განხორციელების პროცესში სააკაშვილს მჭიდრო კავშირი ექნება დასავლეთის ლიდერებთან და რეფორმების წარმატებით გატარების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება დასაბუთება, რომ მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკური გვამია“.
„მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა რეფორმების საკითხებში უდაოდ უკავშირდება პრეზიდენტ ზელენსკის მზაობას, ქვეყანაში ჩაატაროს რადიკალური რეფორმები და მას სჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც როგორ ჩანს, ზელენსკისთვის დღემდე არის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას არამარტო შიდა მხარდაჭერა სჭირდება, არამედ რეფორმების მიმართულებით მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. „ქართული ოცნების“ სანერვიულო სწორედ ის იქნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი იმუშავებს უკრაინის პოსტ-საბჭოური სახელმწიფოდან ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გარდაქმნაზე და ძალიან მჭიდრო კავშირი ექნება მაღალჩინოსნებთან როგორც ვაშინგტონში, ისე ევროკავშირში. მას მიანდობენ რეფორმებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, რომლის კოორდინირებაც მან უნდა გააკეთოს და თავისთავად, რეფორმების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მისი სტატუსი საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში ერთიათად გაიზრდება. ცხადია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს ნამდვილად არასასურველი სცენარია მაშინ, როცა 8 წლის გასვლის მიუხედავად, დღემდე „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში დარჩენისთვის მიხეილ სააკაშვილის მთავარ საფრთხობელად წარმოჩენაა. მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმებში შესაძლო წარმატება თავისთავად ძალიან სერიოზულ თავისტკივილს უჩენს ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის „პოლიტიკურ გვამად“ წარმოჩენის მითი რთული დასასაბუთებელი იქნება,“ – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
წყარო : Interpressnews.ge