სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს წაუყენებენ

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ელგუჯა ცომაია კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე შეიყვანეს.

28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შალვა წოწორია და ზურაბ წოწორია მათი მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანით, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ცომაია გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ცომაია აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.

29 სექტემბერს ცომაია და მიხეილ სააკაშვილი FORD-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილი და ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ SCANIA-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გიორგი ნარიმანიძესთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1 ოქტომბერს დააკავეს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. პროკურატურის ინფორმაციითვე, ლორთქიფანიძე 26 მაისის საქმეზე ბრალდებულია და სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.