სააკაშვილის შემოსვლის საქმე – ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმეს

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმა. მას უწყება მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. ექსპრეზიდენტ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალს წარუდგენენ.

“საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები”, — აცხადებს პროკურატურა.

გარდა ამისა, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საკუთარი ვერსია, მისი გადაადგილების მარშრუტი გამოაქვეყნა.