“სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს”- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი განცხადებას ეპარქიის Facebook გვერდზე ავრცელებს.
”ჩვენ გვმართებს მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!
ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა “გვიხსნას” ამ შეთქმულებისგან?!
მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას.
ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!” – წერია განცხადებაში.