სააკაშვილი ენმ-ს: მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ.

“დოკუმენტში არის ორი მთავარი რამ, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან ისევე, როგორც ფიორფი რურუა, ისევე, როგორც უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა და ეს უდნა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, ყოველგვარი გაუგებარი გირაოს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს, იმიტომ, რომ ის იქ იმყოფება უკანონოდ და უდანაშაულოდ.

მაგრამ , მას შემდეგ, რაც ის დატოვებს ამ პირობებით საპატიმროს, მე მინდა, მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი – შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველოს არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად, დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43%  ბარიერიანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ეს არის რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე.

ამიტომ, შემოდგომაზე ეს იქნება რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ, ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთის, უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად. გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი”,– აცხადებს სააკაშვილი/