სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა – სოზარ სუბარი

“სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა”- ასე ეხმიანება სააკაშვილის მიმართვას “ქართული ოცნების” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი.

მისი თქმით, სააკაშვილს უყვარს ზღაპრების მოყოლა, მაგრამ ის საქართველოში ვერ ჩამოვა და დადასტურდა კიდეც.

„სააკაშვილს მე არსად ვეპატიჟები, მას ეპატიჟება საქართველოს კანონმდებლობა და სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებები. წერტილი. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება მის ჩამოსვლას, მან თვითონ თქვა, რომ არსად ჩამოსვლას არ აპირებს. ვუსმენდი და სადმე თქვა, როდის ჩამოდის? ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა, ვერსად ჩამოვა. მართლმსაჯულების ეშინია, ქართველი ხალხის ეშინია, ჰაერში გაფრენილი თვითმფრინავის ეშინია, ისე ეშინია, რომ სტუმარს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტოვებს საფრთხის ქვეშ და თვითონ დაფორთხავს ტალახში. ეს არის თქვენი და ჩვენი ერთ დროს მთავარსარდალი. მერე მოდის და ჰყვება, როგორ დაფრინავდა ღრუბელ-ღრუბელ, ზღაპრებს. ზღაპრების მოყოლა უყვარს, მაგრამ ის აქ ვერ ჩამოვა და თვითონ დაადასტურა, რომ ჩამოსვლას არ აპირებს, რადგან ეშინია”,- თქვა სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს და ხატია დეკანოიძეს უნდათ მისი ჩამოსვლა და ეპატიჟებიან, მაგრამ ვერ მაინც ვერ ჩამოვა.