“მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია – ერთადერთი ძალა ხართ, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს, ან უარყოს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი, რომელიც თურმე 47 დღეა გრძელდება, რასაც ასევე თქვენ ადასტურებთ და ამბობთ, რომ ეს ადამიანი ისევ შიმშილობის პროცესშია. მე მაინტერესებს, თქვენგან გავიგო, ეს კაცი მართლა შიმშილობს, თუ როგორც თქვენ ამბობთ ეს “ფეიკ შიმშილობაა” და როგორი მდგომარეობა აქვს პრეზიდენტის ჯანმრთელობას. რასაც თქვენ ამბობთ, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ კაცი 47 დღეა შიმშილობს, როგორ შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იყოს და ამაზე საერთოდ არ ნერვიულობდეთ. თუ ეს კაცი არ შიმშილობს, რატომ არ ამბობთ ამას […]
ერთხელ და სამუდამოდ გააგებინეთ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნამდვილი მდგომარეობა, რომ ხალხმა ტყუილად არ ინერვიულოს, თუ ის არ შიმშილობს. და თუ შიმშილობს, მაშინ თქვენც უნდა ნერვიულობდეთ დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად, იმიტომ, რომ არა მგონია, ციხეში სააკაშვილის გარდაცვალება გინდოდეთ. მინდა ამას მოეფინოს ნათელი. ბოლოს და ბოლოს სააკაშვილის რაციონი თქვენს განკარგულებაშია, ვერაფერს ის ვერ გამოგაპარებთ. საზოგადოებას გააცანით სრულყოფილი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“
მიმართა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ოცნების დეპუტატებს.