სააკაშვილი მოშიმშილეებს მოუწოდებს, დანამატები მიიღონ – კობა ნაყოფია

ნაციონალური მოძრაობის წევრი, კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მასობრივ შიმშილობაში ჩართულ მხარდამჭერებზე ნერვიულობს და მათ მოუწოდებს, შესაბამისი დანამატები მიიღონ.

“ის სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც გუშინ შიმშილობა გამოაცხადა. აღფრთოვანებულია მათი თავგანწირვით, ამავე დროს, ის ზრუნავს მათზე და მოუწოდებს, რომ თავს გაუფრთხილდნენ, დანამატები, ელექტროლიტები მიიღონ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეირყეს. ძალიან ნერვიულობს, განიცდის, ამავე დროს აღფრთოვანებულია მათი თავგანწირვით და დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება”,– ამბობს კობა ნაყოფია სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო შიმშილობა გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობის აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი ჩაერთვება. ისინი კახეთის გზატკეცილზე, პარტიის ოფისთან გაშლილ კარვებში იშიმშილებენ.