სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული – პენიტენციური

სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული – სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ცრუ ბრალდებებს უწოდებს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გავრცლეებული ინფორმაცია სიცრუეა. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტი შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით.

“ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი”, – აცხადებენ უწყებაში.