პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი “ყოველ წინადადებაში იტყუება”, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაციაც მცდარი იყოს.
“ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და დღესაც არ ვიცით, რამდენად სწორია ის. თქვენ უსმენთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს და ის ყოველ წინადადებაში იტყუება, აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ესეც ტყუილი იყოს, თუმცა, ბუნებრივია დაზუსტება ყველაფერს სჭირდება”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია.