სააკაშვილი ჩამოვა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნოემბერში – გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდება.

„მან ნათლად გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს, რომელიც ეხებოდა მის ჩამოსვლას. თქვა, რომ არჩევნებამდე მისი ჩამოსვლა შეიძლება გამხდარიყო არასტაბილურობის წყარო ამ უგუნური ხელისუფლების პირობებში. ამიტომ მან განაცხადა, თუ როდის ჩამოვა – ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს იქნება ნოემბერში, ეს არის პასუხი. პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ჩამოსვლა ნიშნავს სერიოზული მადესტაბილიზებელი პროცესების დაწყებას ხელისუფლების მხრიდან”,- ამბობს გოცირიძე.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართულია და ის გამარჯვების მთავარი ფაქტორია.

“მიხეილ სააკაშვილი იქნება არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მთავარი ფაქტორი, როგორც იყო აქამდეც, ისევე როგორც ის ძალიან აქტიური იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. დღეში 4-5 ჩართვა ჰქონდა „სკაიპით“. ის მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, ის არის საარჩევნო კამპანიის ერთ – ერთი აქტიური ნაწილი“, – აღნიშნა გოცირიძემ.