სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძე დააპირისპირა მელიას, რომ თავში არ ავარდნოდა – კობახიძე

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ნიკას მელიას გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის დავალებით დაუპირისპირდა, რათა “ზედმეტად თავში არ ავარდნოდა”.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირველი პირი სააკაშვილია, მეორე პირი ნიკა გვარამია, პარტიის თავმჯდომარე კი ფორმალური ფიგურა იქნება.

“როცა მელიას რაღაც ამბიციები გაუჩნდა ლიდერობასთან დაკავშირებით არჩევნების შემდეგ, ის იყო აგრესიული პროცესების ლიდერი პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს დაავალა და პირდაპირ ეთერში დააპირისპირა სანიკიძე მელიას, რომ რაღაც ზედმეტად თავში არ ავარდნოდა მას. სააკაშვილი არის პირველი პირი, გვარამია არის მეორე პირი და ბუნებრივია, მათთვის, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ეს აბსოლუტურად ფორმალური მხარეა, ანუ ეს იქნება აბსოლუტურად ფორმალური ფიგურა პარტიის თავმჯდომარე, თუ რაც ერქმევა. პირველი პირი იქნება სააკაშვილი, მეორე პირი გვარამია და ნუ, ერთმანეთთანაც პატარა კონკურენცია ამ ორ პირს აქვს, მესამე პირი ვინ იქნება და ფორმალურად თავმჯდომარე ვინ იქნება, მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვინ გახდება ენმ–ს თავმჯდომარე, ამას პარტია გადაწყვეტს.