სააკაშვილმა თუ გაბედა საქართველოსკენ გამოხედვა, ოცნებასთან იქნება შეთანხმებული – გახარია

თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას აზრით, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს “ოცნებასთან” იქნება შეთანხმებული.

“სააკაშვილს ქვეყნის შიგნით მხოლოდ და მხოლოდ ოცნება აცოცხლებს. როგორც მელია გააცოცხლეს, ზუსტად იგივეს აკეთებენ ახლა არჩევნების წინ .ამ ადამიანს არ ვიცნობ. წარმოდგენა არ მაქვს რანაირად აზროვნებს ეს კაცი. არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე ერთი რამე ვიცი, ჩამომსვლელი აქამდეც ჩამოვიდოდა — ეს ერთი. მეორე — სააკაშვილმა საერთოდ თუ გაბედა საქართველოსკენ გამოხედვა, ეს ერთმნიშვნელოვნად ოცნებასთან შეთანხმებით იქნება გაკეთებული. როგორც ამნისტია გაუკეთეს მელიას და სამუდამოდ ჩააცვეს პოლიტიკური დევნილის მანტია, ზუსტად იგივეს გაუკეთებენ მიშას. დარწმუნებული ვარ ამაში”, — განაცხადა გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის ეთერში.

დამაზუსტებელ კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ მას დააკავებენ, გახარიამ ასე პასუხობს:

“ადამიანი გასამართლებულია და რა თქმა უნდა, უნდა დააკავონ, მაგრამ, რა შეუშლით ხელს, მელიას და რურუას თუ გაუკეთეს ამნისტია, რომ ვითომ საერთაშორისო ზეწოლის ფარგლებში სააკაშვილსაც ამნისტია გაუკეთონ?! გაუკვირდება ვინმეს? ვინმეს ამ ქვეყანაში ეს გაუკვირდება?”,– თქვა გახარიამ.