“მითხრა, რომ რამდენიმე დღეა არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად. მითხრა, რომ წნევის ცვალებადობაა ძალიან სერიოზული, რაც გულისხმობს იმას, რომ, შესაძლებელია, ჰიპერტონიული კრიზისი დაემართოს და ჰქონდა რამდენჯერმე უკვე. რა თქმა უნდა, ფერი აქვს ძალიან მძიმე, ყვითელი და კიდევ უფრო ფერმკრთალია. გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში, როდესაც მე მოვინახულე, ახლა გაცილებით უფრო სუსტადაა. გულწრფელად რომ გითხრათ, იყო მომენტები, როდესაც საუბრის გაგრძელების საშუალებაც აღარ გვქონდა იმიტომ, რომ სისუსტე იყო გამოხატული.
ასევე, მითხრა, რომ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები მის მიმართ ფანჯრებიდან დღის გარკვეულ მონაკვეთებში, რაც ნამდვილად არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ექნება შესაძლებლობა ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის. გარდა ამისა, ძალიან წუხს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს არ მიეცა მისი მონახულების შესაძლებლობა და ხელისუფლება დაბრკოლებას უქმნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის [სახალხო დამცველს]. დრო არის ძალიან ცოტა. ძალიან დიდი წონა აქვს დაკლებული”
ამბობს ხატია დეკანოიძე გლდანის ციხის დატოვების შემდეგ.