“სააკაშვილმა მიყვირა, რომ “თვითონაა ქვეყანა და თუ თავად არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება”–ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო. ვრცელ ფეისბუქ სტატუსში ის მიხეილ საააშვილის რეაქციებზე, შემდეგ კი მისი პარტიის დამოიდებულებებზე წერს:

“2000 წელს წასული, საქართველოში, 2006 წელს დავბრუნდი სამუშაოდ.
სააკაშვილს 1996 წლიდან ვიცნობდი, არასოდეს მასთან არანაირ სუბორდინაციაში არ ვყოფილვარ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, ისეთ წრეში ვხვდებოდი, სადაც უმეტესობა თანასწორად მიიჩნევს და შენობით ელაპარაკება.

ამიტომ, მე მისი პიროვნების კულტის ელემენტს ვერ ვხედავდი – ჩემს წრეში ეს არ იგრძნობოდა.
რამდენადაც მშვიდობიანობის დროს შეიძლება ნერვები დაგაგლიჯო, სტრესულ ვითარებაში დამამშვიდებელი გავლენა მაქვს – უკუღმართი ხომ ვარ. ამიტომ, არჩევნები რომ წავაგეთ, პირველი კვირების განმავლობაში ხშირად ვნახულობდი ხოლმე.

წაგების შოკისგან, პირველი სამი კვირა უცნაურად ფხიზელი იყო, თვითკრიტიკული – ბევრს ვლაპარაკობდით იმაზე, რაც მოხდა, რატომ მოხდა.

ჩემი რჩევა იყო, რომ რეალობისთვის თვალი გაესწორებინა – გაეაზრებინა რომ ტოქსიკურები ვართ, მოცემულობად მიეღო ეს ფაქტი და მხოლოდ ამ მოცემულობის მიღების შემდეგ დაეწყო ფიქრი იმაზე, როგორ შეგვეცვალა ეს მოცემულობა.

ვცდილობდი ამეხსნა, რომ მის აქტიურობას ადგილობრივ თემებზე მხოლოდ უარყოფითი გავლენა აქვს, რადგან ხელისუფლებას აძლევს საბაბს იძახოს, რომ საქმის კეთებაში ხელს წინა ხელისუფლება უშლის, ამიტომ მყარად ვურჩევდი რომ საერთაშორისო თემებზე გადართულიყო და ადგილობრივ პოლიტიკას გაშვებოდა.

თავიდან წყნარად მისმენდა, მაგრამ ერთ დღესაც ტელევიზორი ჩავრთე, ვხედავ რაღაც მინდორში დარბის და ყვირის რომ ლაზიკას ძროხები შეესიენ და დაჭაობდა….
მეთქი, ვაი ჩვენს პატრონს…

დავურეკე და მივედი სასახლეში, მეთქი მიშა – რა ძროხები, რა ლაზიკა, საკუთარი მასშტაბი იგრძენი, კაცი არა ხარ? ტელევიზორში ყოფნა თუ გინდა, აიღე ეს რუსთავი ორი, წადი დასავლეთში, ცხენზე ზიხარ – პირველი ხარ ვინც დათმო ძალაუფლება დემოკრატიულად, გიგა და რაფაელი გაგიკეთებენ ტურნეს, ჩადი ოქსფორდში, კემბრიჯში, იელში, ჰარვარდში, პრინსტონში… გადაავსე დარბაზები, ილაპარაკე რეგიონის გამოწვევებზე, შენს მემკვიდრეობაზე…

სიტყვა “მემკვიდრეობა” ვახსენე და უცებ გადაირია…. დაიწყო კივილი რომ მიწას ვაყრი, რომ ჩემი ხელით ვასაფლავებ პოლიტიკურად, რომ მე ვარ მოღალატე და საერთოდ, უნდა შევიგნო, რომ თვითონაა ქვეყანა, თვითონ შექმნა ეს ქვეყანა და თვითონ თუ არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება… ისეთი ისტერიკა ჰქონდა, ვიცინოდი რომ განმემუხტა და ვცდილობდი ამეხსნა, რომ ამ ქვეყანას ბევრი გამორჩეული საზოგადო მოღვაწე ჰყოლია და მათი სიკვდილის მერეც აგრძელებდა ეს ქვეყანა არსებობას და ისტორიული მისიისკენ სვლას, და რომ მცდარია ასე საკითხის დაყენება და კარგს არაფერს მოუტანს.

ამ ყველაფერს რაფაელი შეესწრო, წამოვედით და მიშას მომსახურების ზონიდან გასვლის დარდი, მტკვარზე ჩავიხშეთ – კლუბში მივედით და დავლიეთ, აბა რა გვექნა?

მეორე დღეს გიგას ველაპარაკე, მეთქი მთლიანად მოსრიალებულია გიგა… აღარაა ადეკვატური და რამენაირად საღ აზრთან უნდა დავაბრუნოთ, ან პარტიას ავუხსნათ, რომ მისი კონდიცია დედას უტირებს ყველაფერს და სულ ბიძინა დარჩება.

გიგამ სევდიანი ღიმილით გადმომხედა – პარტიასთან კომუნიკაცია როდესმე გგონიაო? მეთქი არა. აი რომ გექნება, მერე მოდი და იგივე მითხარიო.

გავიდა რაღაც დრო.

მიშა გაიქცა.

რაღაც საქმე მქონდა გიგასთან და პარტიაში გავედი, აეროპორტის გზაზე.

რომ მივედი პოლიტსაბჭო იყო ახალი დასრულებული და დიდ თეთრ ოთახში იყო ყველა.
შევიხედე გიგას საძებნელად, ბევრს სულ არ ვიცნობდი.

მესმის შეძახილები:
“მიშას გარეშე გამარჯვების ჩვენ არ გვჯერა”.
“მიშას გარეშე გამარჯვებას რა ფასი აქვს”….

პირი დავაღე. მეთქი რას ბოდავს ეს ხალხი… დავაკვირდი. ისიც დავინახე, რომ როცა შესძახებენ, რომ “მიშას გარეშე არაფერს ფასი არ აქვს” – ერთმანეთს უყურებენ თან.

უცებ მივხვდი რომ რაღაც დისტოპიურ სცენარში ვარ, სადაც ვიღაცას ადიდებენ იმის იმედით, რომ ბელადი შეიტყობს, ერთგულებას დაუფასებს და სხვაზე წინ გასწევს… დავინახე პიროვნების კულტზე აცოცებული არარაობები, რომლებსაც კულტი სულ კიდიათ, საკუთარი გამორჩენისთვის კადრულობენ ქვეყნის დამცირებას.

საოცრად მომინდა ამ საშინელი კლიმატის არევა და ნათამაშევი გულუბრყვილობით ძალიან ხმამაღლა ვიკითხე – მეთქი ხალხო, ყველა ადამიანები ყვართ, ყველა მოვკვდებით რაღაც დროს, და რომ მოკვდეს მიშა? … აი მერე რა იქნება? ვეღარ გაიმარჯვებს ვერასდროს საქართველო?
მე ასეთი შემზარავი სიჩუმე არსად დამიყენებია.

უცებ დავინახე ჩემკენ მომართული რამდენიმე ათეული წყვილი თვალი, რომელიც ვერ იგებდა როგორ გავბედე იმის თქმა, რომ ადამიანები კვდებიან…. როგორ ვაკადრე მიშას, რომ ისიც ადამიანია.

აი იმ თეთრ დარბაზში მივხვდი, რა რთული გზა გველოდა წინ, იმ თეთრ დარბაზში დავინახე რომ გველეშაპს, რომელიც დასამარცხებელია ორი თავი აქვს და ორივე მოსაწყვეტია.
ყველაფერი ისე წავიდა, როგორც თავიდანვე ჩანდა.

ანუ ის რაც დღეს ხდება, ნათელი იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილმა მიყვირა, რომ “თვითონაა ქვეყანა და თუ თავად არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება”.

საქართველოც მაგიტომ აღარ აინტერესებს.
თუ თვითონ არ იქნება – მისთვის საინტერესო არაა ეს ქვეყანა.

ყველა შეიძლება გადაგვარდეს და გაგიჟდეს! მაგრამ გარემოცვის სიჯანსაღე იმით იზომება, როგორ რეაგირებს ამ სიგიჟეზე. სააკაშვილს არ აღმოაჩნდა გარშემო საკმარისი ერთგული ადამიანი, რომელიც მასზე როგორც ადამიანზე იზრუნებდა და საკუთარი თავისგან, საკუთარი შხამიანი დემონებისგან იხსნიდა.

უმრავლესობამ მის წონაზე ცოცვა დაიწყო და ახლა ხდება ის, რაც ხდება – მესიიის გოდოლი ჩამონგრეულია, შეუმდგარი მესიის უბადრუკი გარემოცვა დამნაშავეებს ერთმანეთში ეძებს, ერთმანეთს ღალატში ამხელს და ისევ ერთმანეთზე ფეხის დაბიჯებით, სააკაშვილის წონის ლანდზე მიცოცავს.“–წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.