სააკაშვილმა შექმნა ეს ქვეყანა და მან უნდა მართოს – ვარშალომიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა “ეს ქვეყანა” და მანვე უნდა მართოს.

“მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს აუცილებლად. არამარტო უნდა ჩამოვიდეს, არამედ უნდა მართოს ეს ქვეყანაც იმიტომ, რომ ამ კაცმა შექმნა ეს ქვეყანა და დღეს მართლაც, სირცხვილია, როცა მესამე პრეზიდენტი საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფება და ქართული პასპორტი არ გააჩნია. მე პირადად ვამაყობ, რომ მისი გუნდის წევრი ვარ. ზუსტად მისი გუნდის წევრობის დროს შეიქმნა ეს სასწაულები, როგორიც ბათუმის სასწაულია და სხვა. ამიტომ, მისი ჩამოსვლაც, გაპრემიერებაც და მმართველობაც შესაძლებელია. ამას უბრალოდ ბრძოლა სჭირდება”,– თქვა ვარშალომიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ის ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.