გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და მას სენსაციას უწოდებს.
მისი თქმით, მალტასთან ვაქცინების გამოგზავნის შესახებ წინასწარი თანხმობა მიღებულია, ახლა კი ჯერი მთავრობაზეა, რომელმაც მათ ოფიციალურად თხოვნით უნდა მიმართონ.
“ეს არის სენსაცია, როცა ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა მთელმა ქვეყანამ. მიხეილ სააკაშვილმა იშოვა არა ვაქცინა, არამედ საქართველოს გადარჩენის პერსპერქტივა, რეალური გამოსავალი. ახლა ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ, ისაა, რომ უნდა მიმართოს ოფიციალურად მალტის მთავრობას. შემდგარია კომუნიკაცია, წინასწარი თანხმობა, მალტის ხელისუფლება ელოდება საქართველოს ოფიციალურ თხოვნას, წერილს, რომ ვაქცინები გამოაგზავნოს საქართველოში.
ვაქცინები გამოსაგზავნად მზად არის, ახლა მხოლოდ მისი მოთხოვნაა საჭირო. საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო და გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა მთელმა მთავრობამ. ამ უნიათო ადამიანებმა, რომლებმაც არაფრად ჩააგდეს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”,– ამბობს ჩალაძე მთავარი არხის ეთერში.
საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიმართონ მალტას და ვაქცინის ნაწილი უსასყიდლოდ მიიღონ.