სააკაშვილმა წააქეზა, ჩივილს არ ვაპირებ, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება – ჩავლეიშვილი ფანგანზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ტვ ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის დაკავებული აქტივისტისთვის, ირაკლი ფანგანისთვის ჩივილს არ აპირებს, რადგან ფანგანს ზრდილობა აკლია, რასაც ციხეში ვერ ისწავლის.

“მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა მის მიმართ გარდა იმისა, რომ არაადამიანურად მოიქცა. დანარჩენი, სამართლებრივად მისთვის არ მიჩივლია და არც ვაპირებ. უბრალოდ, თავად გაავრცელეს ეს კადრები და პოლიციამ მისცა სამართლებრივი შეფასება. ციხეში კარგს ვერაფერს ისწავლის, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება, ზრდილობა ოჯახში ისწავლება. სამწუხაროდ, მშობლებმა ხელი მიაკლეს ეტყობა”, – აცხადებს ჩავლეიშვილი ფორმულასთან საუბარში.

ჩავლეიშვილის თქმით, ფანგანის ქმედება საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წაახალისა.

“ეტყობა წააქეზეს ეს აქტივისტი. როგორც გამოჩნდა მთავარი წამქეზებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია იმიტომ, რომ გააშეარა და მოუწონა ეს საქციელი. არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიერ, არამედ იმ ადამიანების მიერაა წაქეზებული, ვინც ამ ქმედებას ამართლებს”, – განაცხადა ჩავლეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.