ქართული ოცნების წევრის, სოზარ სუბარის აზრით, ოპოზიცია ძალიან სუსტია და სააკაშვილის გავლენიდან ვერ თავისუფლდება.
„მთელი ოპოზიციური სპექტრი არის მოქცეული სააკაშვილის გავლენის ქვეშ და ვერ თავისუფლდებიან. სააკაშვილმა მოახერხა ძალიან მარტივი რამ, რამდენიმე თვის განმავლობაში შეკრა მთელი ოპოზიცია და შალვას ფანჩატურში აყენებდნენ რაღაც მოთხოვნებს, ამის შემდეგ არჩევნებამდე რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და თქვა, რომ არ აინტერესებს არავინ და თვითონ არის ერთადერთი ბელადი, პრაქტიკულად წაართვა ხმები მთელ ოპოზიციურ სპექტრს, რამდენიმე პარტია – მიმიკრია პარტიები რომ არიან, რომლებიც ყველა არჩევნებში რომელიმე პარტიაში შედიან, შევიდნენ მასთან და რამდენიმე მანდატი მოიპოვეს.
დანარჩენებს, რომ ჰქონდათ იმედი აიღებდნენ 5-10-15 პროცენტს, დატოვა 1 და 2 პროცენტზე, ოპოზიციის ხარჯზე აიღო 27 პროცენტი, მთელი ოპოზიციის ხმები წაიღო თვითონ. ახლა ცდილობს ოპოზიციის ლიდერად იქცეს და ამყოფებს ტყვეობაში, აბულინგებს მათ“, – განაცხადა სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში.
ცნობისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.