მიხეილ სააკაშვილის ცოლი, რადას დეპუტატი ლიზა იასკო ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
მისი ინფორმაციით, საკაშვილმა უკვე 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო და აქვს ძალიან მძიმე სიმპტომები.
“მე ძალიან მტკივა იმის ყურება, თუ როგორ ხდება ის სულ უფრო უარესად ყოველდღიურად. მას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,– თქვა იასკომ ციხის დატოვების შემდეგ.
მისივე განცხადებით, უკრაინის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში.
“მაგრამ გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე და იმ მოვლენებზე, რომლებიც ახლა აქ ვითარდება. პასუხისმგებლობა ამ მხრივ არის ქართულ მხარეზე“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.