“სააკაშვილს აქვს სამართლიანი მოპყრობის პატივისცემის სათანადო ხარისხით მოპყრობის უფლება “- ასე ეხმაურება, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ყოფილი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ელჩი, კენეტ იალოვიცი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს. იალოვიცის აზრით, სააკაშვილის გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო საქართველოში ისე, როგორც მან ეს გააკეთა, სრულიად უპასუხისმგებლო საქციელი იყო. ამან არჩევნები, რომელიც ადგილობრივ თემებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, კვლავ სააკაშვილი-ივანიშვილის მიერ დომინირებულ ვითარებად აქცია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას სახელმწიფო სათანადო პატივისცემით უნდა მოექცეს. იალოვიცი ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ის შიმშილობს და სრულად უნდა მიიღოს ის აუცილებელი სამედიცინო ყურადღება, რომელიც სჭირდება. ტრაგიკული იქნება, თუკი მის სიკვდილს დაუშვებენ, ისევე, როგორც ნავალნის შემთხვევაში იქნებოდა. სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, მის წინააღმდეგ არის კონკრეტული ბრალი წაყენებული და ეს უნდა გავმიჯნოთ ჰუმანიტარული ასპექტისგან, რომელიც ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ მისი ჯანმრთელობა შენარჩუნდეს“, – ამბობს იალოვიცი.
ის ასევე დასძენს, რომ ქართული სასამართლოს სანდოობისა და მიუკერძოებლობის შესახებ კითხვების არსებობის პირობებში სხვაგვარი გამოსავლის მონახვაა საჭირო.
„შესაძლოა ამ კოლეგიის საერთაშორისო მოსამართლეებით დაკომპლექტებაც კი, ერთგვარი ტრიბუნალის შექმნა, რომელიც შეძლებს მიუკერძოებლად განიხილოს სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები, ბრალდებები და გასცეს რეკომენდაციები. ცხადია, საბოლოოდ, ქართული სასამართლო სისტემის პრეროგატივაა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ სააკაშვილს აქვს სამართლიანი მოპყრობის, გათავისუფლებისა და პატივისცემის სათანადო ხარისხით მოპყრობის უფლება“, – მიიჩნევს იალოვიცი.
ყოფილი ელჩი განმარტავს, რომ არჩევნების პროცესის შეფასება ქვეყანაში იმაზე მეტს ეფუძნება, ვიდრე მხოლოდ იმას, რაც კენჭისყრის დღეს ხდება. და თუკი არჩევნების დღე მეტ-ნაკლებად და ტექნიკურად ნორმალურადაა ჩატარებული, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე სხვა არაფერი ახდენდა გავლენას:
„ეუთოსაც და ამერიკის საელჩოსაც აქვს ძალიან მკაცრი კრიტიკა იმის შესახებ, რაც წინ უძღოდა არჩევნების დღეს: საჯარო მოხელეების დაშინება, მოქალაქეების იძულება, რომ კონკრეტული მხარისთვის მიეცათ ხმა, სამთავრობო დაწესებულებების გამოყენება „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდასაჭერად და ა.შ. ეს ყველაფერი არის ის, რაც არჩევნების დღეს ხმების დათვლისას არ ჩანს, მაგრამ პირდაპირ ახდენს გავლენას შედეგებზე. ეს ძალიან უსამართლო სიტუაციაა“, – ამბობს იალოვიცი.
წყარო: ამერიკის ხმა